კობა გვენეტაძე - საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსი აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის
კობა გვენეტაძე - საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსი აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის

2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პარლამენტის წინაშე წარდგენისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით,  საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურია მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის.

„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ­უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს განსაზღრავს საბაზრო მექანიზმები.

„ეს გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს  სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს რეცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი