კობა გვენეტაძე - საქართველოში ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები იწვევს
კობა გვენეტაძე - საქართველოში ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები იწვევს

საქართველოს შემთხვევაში, დღესდღეობით ფასების ზრდას იწვევს საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები, მიწოდების შეზღუდვის ფონზე მაღალი წარმოებისა და შუალედური ხარჯები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ინფლაცია ძირითადად მიწოდების ფაქტორებით არის გამოწვეული.

„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღნიშნავს და მეც აღვნიშნე, მაღალი ინფლაცია დღეს უკვე გლობალური ტრენდია და გამოწვეულია პანდემიასთან დაკავშირებული მიზეზებით. საქართველოს შემთხვევაში, დღესდღეობით ფასების ზრდას იწვევს  საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები, მიწოდების შეზღუდვის ფონზე მაღალი წარმოებისა და შუალედური ხარჯები. ამავე დროს კომუნალური გადასახადები.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გავაკეთეთ ანალიზი, მაგალითად, რა იქნებოდა ინფლაცია საქართველოში, რომ დოლარში გამოხატული ფასები დარჩენილიყო შარშანდელ ნიშნულზე. ანუ ეს არის ის ფასები, რომლის კონტროლი საქართველოს არ აქვს. ეს გვაჩვენებს, რომ დღეს ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაცია ძირითადად მიწოდების ფაქტორებით არის გამოწვეული. მიჩნეულია, რომ ეს აუცილებლად გაივლის და 2022 წლის პერიოდის ბოლო ინფლაცია არის 2,3%, ხოლო საშუალო ინფლაცია 2,8%. ფონდიც ეთანხმება ჩვენს პროგნოზსს, რომ ეს არის ერთჯერადი და მიმდინარე. თუმცა პანდემიას აქვს ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც არის გაურკვევლობა, რადგან ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ფაქტორი იყოს, რომელმაც შეიძლება პროგნოზი არ გაამართლოს და საერთოდ საპირისპირო მიმართულებითაც შეცვალოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ აუცილებლობას, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხომ არ ძლიერდება ისეთი ფაქტორები ან მოლოდინები, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ინფლაცია უფრო მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გავამკაცროთ საპროცენტო განაკვეთი. თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთი. თუმცა იმ გაურკვევლობიდან გამომდინარეც, რაც პანდემიას თან ახლავს, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძემ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის ზრდაზეც და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

„ჩვენ გვექნება განახლება ჩვენი პროგნოზის, შემდეგი მონეტარული პოლიტიკის ზრდაზე ვსაუბრობ. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 4 აგვისტოს იქნება. წინასწარი შეფასებით, ვფიქრობთ, რომ ძირითად სცენარში უფრო მაღალი იქნება ზრდა, ვიდრე 7,7%. ალბათ სულ მცირე 8 %, უფრო მეტი. ამის საფუძველს გვაძლევს ის ძალიან სოლიდური სიტუაცია და ბუფერები, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვთ და რომელიც ისევ და ისევ ეკონომიკის ლოკომოტივად რჩებიან. რა თქმა უნდა, გაურკვევლობები ბევრია და იმედი გვაქვს, არ იქნება რაღაც ისეთი გაუთვალისწინებელი უარყოფითი ფაქტორები, რაც ამაზე გავლენას მოახდენს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.