კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სისტემა კარგად უძლებს არსებულ სიტუაციას
კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სისტემა კარგად უძლებს არსებულ სიტუაციას

ფინანსური სისტემის სტაბილურობა ჩვენი განგრძობადი მიზანია ასე ვთქვათ, მუდმივად ვზრუნავთ ამაზე და იმ ზომების დახმარებით, რომელსაც ვიღებთ მუდმივი ანალიზით, ფინანსური სისტემა კარგად უძლებს სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში ომისა და რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, გლობალურ დონეზე ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

„ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება დღეს რეგიონში და მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, არა მარტო რეგიონის ეკონომიკაზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები.

რაც შეეხება ფინანსურ სისტემას საქართველოში, ფინანსური სისტემის სტაბილურობა ჩვენი განგრძობადი მიზანია ასე ვთქვათ, მუდმივად ვზრუნავთ ამაზე და იმ ზომების დახმარებით, რომელსაც ვიღებთ მუდმივი ანალიზით, ფინანსური სისტემა კარგად უძლებს სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს კოვიდპანდემია მიმდინარეობდა, საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდა მას ფინანსური სისტემისათვის, მაგრამ ზუსტად იმ რეფორმების გამო, რომელიც გატარდა, სისტემამ კარგად გაუძლო ამ ძალიან რთულ პერიოდს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ქართული საბანკო სისტემაც შეუერთდა სანქციებს ფინანსური მიმართულებით.

„სამწუხაროდ, ახლა ახალი გამოწვევა არის და მინდა ვთქვა, რომ ის ბუფერები, რომელიც გამოიყენა ფინანსურმა სისტემამ კოვიდის დროს, მათი აღდგენა უკვე დაწყებული იყო, ბევრ შემთხვევაში აღდგენილიცაა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ფინანსური სისტემა უძლებს ძალიან კარგად ამ გამოწვევას. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ქართული ფინანსური სისტემა, ეს არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი და ქართული საბანკო სისტემაც შეუერთდა სანქციებს ფინანსური მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს ორი კომერციული ბანკი, რომელიც ვაჭრობს ლონდონის ბირჟაზე და ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა იქნება მდგრადი და ის იქნება დაცული იმისაგან, რომ არ მოხდეს რაიმე არასანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან დაკავშირებული ოპერაციები“, –  განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის ზრდის გავლენით საქართველოში ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, როგორც პროგნოზირებდნენ.