კობა გვენეტაძე - საქართველო კარგად გაუმკლავდა პანდემიას, ამიტომ არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკა უფრო მალე გაჯანსაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო
კობა გვენეტაძე - საქართველო კარგად გაუმკლავდა პანდემიას, ამიტომ არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკა უფრო მალე გაჯანსაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ღია ეკონომიკა, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ყველაზე კარგად გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკისგან მომავალ პრობლემებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას იმაზე, რა ხდება მოკლევადიან პერიოდში.

„კურსის მოძრაობას მრავალი შემადგენელი ნაწილი აქვს, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება, იმოქმედოს. ეს ფაქტორები შეიძლება, არ იყოს დღესდღეობით ხელმისაწვდომი. მაგალითად, ექსპორტი, იმპორტი, გადმორიცხვები და ა.შ. ამის ანალიზის ყველაზე კარგი საშუალება  არის საგადასახადელო ბალანსი, რომელიც დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგაა ხელმისაწვდომი. რა შეიძლება დღეს ვთქვათ – მოლოდინები ძალიან გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, რომ დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ, როცა გაუფასურება იყო, ამის აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი ეკონომიკური კანონების მიხედვით. იმის გამო, რომ საქართველო კარგად გაუმკლავდა პანდემიასა და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საჩვენებელი ქეისია სამედიცინო თვალსაზრისით, როგორ გაუმკლავდა ამას, არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო მალე მოხდება, უფრო კარგი იქნება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. ასევე, იქნება შემოსავლები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით,  იმპორტი შემცირებულია, მაგრამ დიდი კატაკლიზმების შემთხვევაშიც კი, მდგომარეობიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება მაკროეკონომიკური რეაგირებაა.

დატოვე კომენტარი