კობა გვენეტაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
კობა გვენეტაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, გოგა მელიქიძესა და მის მოადგილეს, ლევან ვერძეულს შეხდვა. გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, საუბარი შეეხო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ საკითხებს.

„საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და ხედვები გაუზიარეს. მონაწილეებს შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა საპენსიო სააგენტოს კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის სტრატეგიული მნიშვნელობა. მხარეებმა შესაბამისი ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს ეროვნულ ბანკთან უფრო აქტიურ და გახსნილ კომუნიკაციაზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელთა შეხვედრას ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.