კობა გვენეტაძე - საერთაშორისო ინვესტორები მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ
კობა გვენეტაძე - საერთაშორისო ინვესტორები მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ

საქართველოს ახლად გამოშვებული ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს ინვესტორების ხედვას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური რისკები საკმაოდ დაბალია.

„2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა. სწორედ ამ პირობებში, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი იყო მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაპოპულარული ზომების გატარებას მოითხოვს. თუმცა, ზუსტად მსგავსი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები იძლევა გრძელვადიან სარგებელს.

ახლად განთავსებული ევრობონდების დაბალი საპროცენტო განაკვეთი სწორედ ამის დასტურია – საქართველოს ახლად გამოშვებული ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია. ეს მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომელთაც ვერც ეკონომიკური ანალიზის უნარს დავუწუნებთ და საკუთარი ფინანსური სახსრების განკარგვისას დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებაშიც ვერ დავადანაშაულებთ, მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ. ეს ადასტურებს მათ ხედვას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური რისკები არის საკმაოდ დაბალი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე შოკი გაიარა. სწორედ ეს არის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სისწორის ერთ-ერთი საუკეთესო საზომი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ამ შედეგში წვლილი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებამ შეიტანა, რასაც საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მიაღწია.

„ეროვნული ბანკის მხარეს რომ ვისაუბრო, როგორც სარეიტინგო სააგენტოები, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ ფინანსური სექტორის მდგრადობის ამაღლებისთვის გატარებული ისეთი რეფორმების როლს, როგორიცაა კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების შექმნა, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, სისტემურობის ბუფერის დაწესება, რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია, გაუმართავი და მოწყვლადი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირების დაწყება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება და, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება.

ამ რეფორმების გატარების აუცილებლობა და სარგებელი პანდემიამ დღეს უკვე ნათლად წარმოაჩინა. ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და ნდობა აისახა, ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაში, რომელმაც 4-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაფიქსირდა. ემისიას წინ უძღოდა ინტენსიური შეხვედრები ინვესტორებთან მთელი მსოფლიოდან. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო არის იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უმკლავდება მცირე ზომის ღია ეკონომიკა პანდემიის უპრეცედენტო შოკს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, პანდემიამდე ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მატერიალური ფინანსური დახმარება უსწრაფესად მიიღო.

„საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის მაკროეკონომიკური კურსი, რომელიც, ფისკალურ დისციპლინასთან ერთად, მცურავ გაცვლით კურსს, დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკს/მონეტარულ პოლიტიკას და ინფლაციის თარგეთირებას და დედოლარიზაციას გულისხმობს. ინვესტორების უმეტესობა არიან სტრატეგიული ინვესტორები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ და ევრობონდის წარმატებული განთავსება მათთვის კიდევ ერთი სიგნალია, რომ თავიანთი საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გააფართოონ. დიახ, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ეკონომიკა, ძალიან დააზიანა. გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, დაზარალდა ბიზნესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მატერიალური ფინანსური დახმარება უსწრაფესად მიიღო. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით და სწრაფი ვაქცინაციით კრიზისი დაძლევა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.