კობა გვენეტაძე - საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება
კობა გვენეტაძე - საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

კომიტეტის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ფეისბუქლაივით“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააცნო.

როგორც კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, წინასწარი მონაცემებით მარტში, საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც – მინუს ცხრა პროცენტი. ამასთანავე, შემცირებულია იმპორტიც 13 პროცენტით, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს.

„მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ საწარმოო პროცესების და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები კომპანიების ხარჯებზე და შედეგად, ფასებზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს უკანასკნელი, დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია. ამასთან, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად აისახება და უკვე ისახება კიდეც“, – განაცხადა გვენეტაძემ და ასევე აღნიშნა, რომ დამატებით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება ხელს შეუწყობს შოკის გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.