კობა გვენეტაძე - რთული სიტუაცია არ ნიშნავს, რომ ვითარება არის გამოუვალი, აუცილებლად შევძლებთ ამ გამოწვევების დამარცხებას  
კობა გვენეტაძე - რთული სიტუაცია არ ნიშნავს, რომ ვითარება არის გამოუვალი, აუცილებლად შევძლებთ ამ გამოწვევების დამარცხებას  

ინფლაცია დღეს არის გამოწვევა, მაგრამ ინფლაციას ჰქონდა თავისი მიზეზები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გაზრდილი ინფლაციის შემთხვევაში, არაერთხელ მიუღია სათანადო ზომები, რომელმაც ინფლაციის შემცირება გამოიწვია.

ამასთან, როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რეგულაციები აუცილებლად უნდა შემოღებულიყო.

„რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება ლარიზაციას, რეგულაციებს, ყველა ამ ნაბიჯს ჰქონდა თავისი ფუნქცია. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება, რაღაც არ მოგვეწონოს, მაგრამ გთხოვთ, დამეთანხმოთ, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, გადაწყვეტილებებს იღებს ანალიზის საფუძველზე, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

„ეროვნული ბანკის მუშაობა არის საკმაოდ კარგად შეფასებული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. დღეს არსებული რთული სიტუაცია არ ნიშნავს იმას, რომ ვითარება არის გამოუვალი. სიტუაციას  შექმნის თავისი მიზეზები ჰქონდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფუნქცია არის ყოველთვის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები, აუცილებლად შევძლებთ ამ გამოწვევების დამარცხებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.