კობა გვენეტაძე - როცა ინფლაციური შოკები მილევას დაიწყებს, მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად შევამცირებთ
კობა გვენეტაძე - როცა ინფლაციური შოკები მილევას დაიწყებს, მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად შევამცირებთ

მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიას, პროგნოზს, კობა გვენეტაძის თქმით, ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოვლენები იქნება მსოფლიოში.

„ის დისბალანსი, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში, ჯერჯერობით არ დასრულებულა და მის სხვადასხვა გამოვლინებებს ვხედავთ. მაგალითად, ნავთობის ფასები ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს დისბალანსები აღმოიფხვრება, ეს უკვე ინფლაციაზეც აისახება. დღევანდელი პროგნოზით, რომელიც მსოფლიოში ხშირად იცვლება, შოკის ამოწურვის პარალელურად, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.