კობა გვენეტაძე - რეგულაციებთან დაკავშირებით ვაანალიზებთ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, ზომებს მივიღებთ
კობა გვენეტაძე - რეგულაციებთან დაკავშირებით ვაანალიზებთ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, ზომებს მივიღებთ

საქართველოში სამომხმარებლო საცალო დაკრედიტებასთან დაკავშირებით მიმართულება საკმაოდ ცუდი იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის პასუხად, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დაკრედიტების მიმართულებით რეგულაციების შემოღებას ეხებოდა.

გვენეტაძის თქმით, სამომხმარებლო სესხები ქვეყანაში 2013 წლიდან მკვეთრად იზრდებოდა.

„ძალიან იზრდებოდა სამომხმარებლო სესხები 2013 წლიდან დაწყებული, როდესაც ფიზიკური პირების დავალიანება მშპ-ის დაახლოებით 20 პროცენტი იყო. 2018 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა 38 პროცენტს მიაღწია, რაც საკმაოდ მაღალი იყო შესადარებელ ქვეყნებთან მიმართებაშიც და იმ ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე მომზადდა რეგულაციები, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ მოწყვლადობა არ შეექმნა ამ კუთხით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პრინციპი ახალი არ არის და ამით ბევრი ქვეყანა სარგებლობს.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პრინციპები, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდა რეგულაციების შემოღება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი შედეგებს აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში, ზომებს მიიღებს.

„ვაანალიზებთ შედეგებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. მე ვთქვი, იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ციფრები, რომელიც გვაქვს, არ არის თანხვედრაში განსაზღვრულ მიმართულებასთან, ჩვენ ამ ზომებს მივიღებთ. გაცილებით ადრეც აღვნიშნავდით, რომ კრედიტების ზრდა არ იყო ტრენდთან შესაბამისობაში და გაცილებით მაღალი, ვიდრე ტრენდი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.