კობა გვენეტაძე - რეგულაციების გამო, პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე
კობა გვენეტაძე - რეგულაციების გამო, პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას, საბანკო რეგულაციებზე საუბრის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მას კარგად ესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა.

„პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.  უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ  დაელოდოს ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მიიღოს ზომები.