კობა გვენეტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ, რომ უფრო გამარტივებული იყოს და ბიუროკტრატიული ტვირთი მოვაშოროთ
კობა გვენეტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ, რომ უფრო გამარტივებული იყოს და ბიუროკტრატიული ტვირთი მოვაშოროთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების ძირითადი მიზნები მიღწეულია.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგულაციებზე მუშაობა თავიდანვე საბანკო სექტორთან კონსულტაციებით მიმდინარეობდა და მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნა.

„დაახლოებით ცხრა თვე არის გასული, ვფიქრობ, ის ძირითადი მიზნები, რასაც ვფიქრობდით, რომ უნდა მიგვეღწია, ეს არის შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის მიმართულებით, არის მიღწეული. ამავე დროს, დაკრედიტების ზრდა კურსის ეფექტის გარეშე არის 14 პროცენტი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შეინიშნება პორტფელის გაჯანსაღება – სესხები გაიცემა უფრო კარგი მაჩვენებლებით და უფრო კარგი სტანდარტებით.

„ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს გადახედვა და თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს პროცესი წარიმართებოდა. ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივებული იყოს რეგულაცია, მეტად გასაგები იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია, ეს ტვირთი გაქრეს. ამისთვის გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, სექტორის წარმომადგენლებთან.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივებული იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია, რომლის მოშორებაც შეიძლება, მოვაშოროთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.