კობა გვენეტაძე მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის პანელის თემატურ დისკუსიაში მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული
კობა გვენეტაძე მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის პანელის თემატურ დისკუსიაში მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული

მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „გლობალური პასუხი COVID-19-ს: ღია საუბარი გამოწვევებისა და მიზნების შესახებ“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მასთან ერთად, პანელის დისკუსიაში კოსტა რიკას ცენტრალური ბანკის მმართველი როდრიგო ქუბერო, კენიის ცენტრალური ბანკის მმართველი პატრიკ ნჟოროგე, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რეინჰარტი და სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი ინვესტიციების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი აბელ სიტჰოული მონაწილეობდნენ. შეხვედრას მოდერატორობას მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინის უფროსი, ჯინგდონგ ჰუა უწევდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის დისკუსიის ფორმატი უზრუნველყოფს პლატფორმას ღია საუბრებისთვის, რათა რამპის წევრებმა გაცვალონ ინფორმაცია და გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს COVID-19 მონეტარულ პოლიტიკაზე. ასევე, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო სექტორის აქტივების მენეჯერები აღმოჩნდნენ.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პროცესზე, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დისტანციურად და როგორი მოდელი შეიძლება სამომავლოდ ჩამოყალიბდეს ეროვნულ ბანკში.

„ჩვენ სრულად მომზადებული შევხვდით პანდემიას, ვინაიდან გვქონდა კონსერვატიული მიდგომა, რომელიც გათვლილი იყო რთულ სცენარებზე. რეზერვებში გვქონდა მაღალლიკვიდური და დაბალრისკიანი აქტივები, რომლებზეც მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი სწორედ ასეთ ვითარებაში იზრდება. რეზერვების მართვის ფუნქცია და სისტემები მოკლე ვადაში გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე, და საქმიანობა შეუფერხებლად, სრული დატვირთვით განვაგრძეთ. სწორედ წინდახედული პოლიტიკის შედეგად შევძელით რეზერვების რაციონალურად გამოყენება, მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ძირითად სარეზერვო ვალუტებში უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ვაგრძელებთ რეზერვების მართვის ეფექტიანობის ზრდის ახალი გზებისა და ინსტრუმენტების ძიებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს, სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა. RAMP-ის პროგრამაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული.