კობა გვენეტაძე - მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, წესების დაცვა, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს შეანელებს წნეხს გაცვლით კურსზე
კობა გვენეტაძე - მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, წესების დაცვა, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს შეანელებს წნეხს გაცვლით კურსზე

დიდი გამოწვევების, დანაკლისის გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა უცხოური ვალუტის შემოსავლებთან დაკავშირებით, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია როგორც ფინანსთა, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამის საკითხებს განიხილავენ.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა აშშ დოლარის ან რომელიმე სხვა ვალუტის მიმართ.

„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის  შეიძლება ითქვას, უალტერნატივოა. იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მაგალითად, აქვთ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი და დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება დოლართან ან ევროსთან ძალზედ ხარჯიანი და საფრთხის შემცველი იქნება, ამას ძალიან ბევრი მაგალითი მოწმობს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და აღნიშნული რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას, რომ ინფლაციის მისი მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლა განაპირობოს საშუალოვადიან პერიოდში და ამით იქნას მიღწეული ფასების სტაბილურობა.

რაც შეეხება გაცვლით კურსს, იმ ძალიან დიდი გამოწვევების, ძალიან დიდი დანაკლისის გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა უცხოური ვალუტის შემოსავლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან. ვხვდებით, ვსაუბრობთ, განვიხილავთ საკითხებს. ასე რომ, მუშაობა მიდის.

მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია და წესების დაცვა, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს, რა თქმა უნდა, შეანელებს ზეწოლას და წნეხს გაცვლით კურსზე“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინტერვენციებს, კობა გვენეტაძის თქმით, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 250 მილიონი დოლარი გაყიდა.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხარეს, წელს ჯამში 250 მლნ დოლარი გავყიდეთ, შარშან 916 მლნ დოლარი გავყიდეთ, რაც საკმაოდ დიდი თანხებია და შეუძლებელი გახდებოდა ამის გაკეთება რეზერვების დაგროვების და იმ დახმარების გარეშე, რომელიც სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გტარების შედეგად მიიღო ქვეყანამ.

რა თქმა უნდა, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ეს ფაქტორიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.