კობა გვენეტაძე - მიზანშეწონილია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება
კობა გვენეტაძე - მიზანშეწონილია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება.

კობა გვენეტაძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ინფლაციის მართვისას ცენტრალური ბანკი იყენებს.

„რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის რეაგირებას, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისას, როდესაც ხდება ერთჯერადი, ანუ ეგზოგენური, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მოვლენები, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკები არ აკეთებენ რეაგირებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ინფლაციის გადახრამ შეიძლება იმოქმედოს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის ინფლაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს და როგორც აღვნიშნე, ვფიქრობთ, რომ ეს შემცირება, ახლა რასაც ვუყურებთ, არის დროებითი და სუბსიდირების პერიოდს უკავშირდება, არამედ ის, თუ პროგნოზირებულად რასაც ველოდებით და რადგანაც ჩვენი პროგნოზი, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ზრდის გამო, რომელიც საკმაოდ გაძლიერდა იანვარში, ამ ეტაპზე გვეუბნება, რომ საშუალოდ, ინფლაცია 4 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება 2021 წელს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება. რეფინანსირების განაკვეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ინფლაციის მართვისას ვიყენებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.