კობა გვენეტაძე - მიუხედავად შემცირებისა, დოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება
კობა გვენეტაძე - მიუხედავად შემცირებისა, დოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დოლარიზაცია 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ასევე, თითქმის 14%-ით შემცირდა ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი.

„დოლარიზაცია, მიუხედავად 2017 წელს საგრძნობი შემცირებისა, ფინანსური სექტორისთვის, ვთვლით, რომ კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დოლარიზაციასთან დაკავშირებით ღონისძიებები მრავალია. შემუშავებულია 10 პუნქტიანი გეგმა. ზოგადად, დოლარიზაციის შემცირება და ლარიზაციის ზრდა ეს არის ლარის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. თუ ვსაუბრობთ, რომ შევამციროთ დოლარიზაცია, უნდა არსებობდეს ლარის რესურსები. 10 პუნქტიანი გეგმა ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, 2017 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დოლარიზაცია 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც შეეხება სესხების დოლარიზაციას – 13.9 პროცენტული პუნქტით.

„ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება პრობლემები შექმნოდათ უცხოური ვალუტის კურსის გამყარების გამო, შემცირებულია დაახლოებით 14 პროცენტით. ვფიქრობ, მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. ზოგადად, ლარიზაციის პროცესი გრძელვადიანია და იგულისხმება ლარის რესურსების კიდევ უფრო გაზრდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

შეკითხვაზე – ხომ არ იგეგმება სესხების ლარიზაციის ზღვარის 100 ათასი ლარიდან 200 ათასამდე გაზრდა, გვენეტაძის თქმით, ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება.