კობა გვენეტაძე - მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, რამ იქონია გავლენა პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე
კობა გვენეტაძე - მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, რამ იქონია გავლენა პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზზე საუბარი, წლის მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან დაკავშირებით.

მან განმარტა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილია.

„ამის ანალიზისთვის აუცილებელია საგადამხდელო ბალანსი გვქონდეს მთლიანად. როდესაც მიმდინარე ანგარიშზე ვსაუბრობთ, არ ვუყურებთ მხოლოდ სავაჭრო ბალანსს და სხვა მაჩვენებლებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორიც არის მაგალითად გადმორიცხვები, სერვისებიდან შემოსავალი და ა.შ. იგივე შეეხება ფინანსურ ანგარიშსაც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილია და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც თვის ბოლოს მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი გვექნება, შესაძლებელი იქნება გავიგოთ უფრო. რამ მოახდინა გავლენა ამაზე. ცალსახად რთულია თქმა და მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ უფრო კარგად იქნება შესაძლებელი ანალიზის გაკეთება. სჯობს, შევხედოთ არა ერთეულ მაჩვენებლებს, არამედ ტრენდს და იმას, რა შედეგები იქნება წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

დატოვე კომენტარი