კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის
კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა.

გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკისთვის მოქნილი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის აუცილებლობას კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. მცურავი გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე – ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

„მოქნილი გაცვლითი კურსის მნიშვნელობა არაერთხელ დადასტურდა გასული პერიოდების კრიზისების დროს, როგორც რეგიონის, ასევე სხვა მრავალი ქვეყნის გამოცდილებით. ამის უახლოეს მაგალითს წარმოადგენს 2014-2015 წლების კრიზისიც, როდესაც რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში კურსის მოკლევადიანი მერყეობების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში კურსის დიდი გაუფასურება დაფიქსირდა. კურსის მოკლევადიანი რყევების დროს შოკები მეყსეულად აისახება გაცვლით კურსში და შედეგად არ ხდება რისკების დაგროვება, რასაც შემდგომ მნიშვნელოვანი დევალვაცია მოყვება ხოლმე, როგორც ეს 2014-2015 წლებში ჩვენი რეგიონის ბევრ ქვეყანაში მოხდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციისა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე.

„საყურადღებოა, რომ საქართველოში ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას. გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. მაშინ როდესაც წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულსაც აღწევდა. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს, რათა ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს“, – აღნიშნა მან.