კობა გვენეტაძე - კრისტინ ლაგარდის ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ სსფ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს
კობა გვენეტაძე - კრისტინ ლაგარდის ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ სსფ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის ჩამოსვლა თბილისში არის იმის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ რეფორმებს და იმ მაკროპოლიტკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, – ასე შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტი.

გვენეტაძის განცხადებით, ასეთი დონის ვიზიტი და სამწლიანი პროგრამის განხორციელება არის მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციის განხორციელება არის კარგი.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. დღეს გვქონდა შეხვედრა სტუდენტებთან. მან წაიკითხა ლექცია ინკლუზიური ზრდის შესახებ. ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიურ ზრდას ქვეყნის განვითარებისთვის. როგორც წესი, ასეთი სახის ვიზიტები მიმდინარეობს იმ ქვეყანებში, რომლებიც წარმართავენ სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ახორციელებენ რეფორმებს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო ამ ეტაპზე ახორციელებს სამწლიან პროგრამას, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. პროგრამა ძალიან კარგად მიმდინარეობს და კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. მმართველი დირექტორის ჩამოსვლა თბილისში არის იმის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ რეფორმებს და იმ მაკროპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ვიზიტი და პროგრამის განხორციელება არის ძალიან ძლიერი და მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისათვის იმ მიმართულებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციის განხორციელება არის კარგი და, რა თქმა უნდა, ეს ეხმარება ქვეყანას მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და მიაღწიოს უფრო მაღალ ზრდას. ამ შემთხვევაში, უკვე ინკლუზიურ ზრდას და რაც ნიშნავს ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და ა.შ.”.  -აღნიშნა გვენეტაძემ.

2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით საქართველოში სამწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 285 მლნ აშშ დოლარით ფინანსდება.