კობა გვენეტაძე - ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს
კობა გვენეტაძე - ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომელთა მიხედვით, ოქტომბერში ინფლაცია 0.3 პროცენტი, წლიური ინფლაცია კი 2.3 პროცენტი იყო.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გვენეტაძე ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე წერს.

„რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე „მყარი“ იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს“, – წერს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნასა და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე.

„დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს, რათა ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება“, – წერს გვენეტაძე.