კობა გვენეტაძე - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება
კობა გვენეტაძე - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროების მიზეზები განმარტა და მონეტარული პოლიტიკის გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.

„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და დროებითი შოკების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, მაშინ როდესაც, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეფერხდა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ მიზეზების გამო მაღალი ინფლაციის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს და ამიტომაც ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა. მიუხედავად პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკის გამკაცრების თანმდევი ეკონომიკური ზრდის შენელებისა, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების ხარჯების ფონზე ძლიერია, რაც მთლიანობაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს. ძლიერი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს. მაგალითისათვის, მკვეთრადაა გაზრდილი ქირის ფასები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გამყარებულია. ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია და მისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მწვავე მოვლენები მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს.

„ერთი მხრივ, გლობალურად რეცესიის რისკები დგას, მეორე მხრივ კი, მწვავე ინფლაციური შოკები გრძელდება, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდაც გამოიწვია. ასეთ ვითარებაში – რადგანაც ინფლაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დაკრედიტების შენელება – ეროვნულმა ბანკმა, გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, სხვა დამატებით ინსტრუმენტებსაც მიმართა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ პარლამენტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისთვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება.

„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია – 11.9 პროცენტის, ხოლო 2023 წელს კი 5.3 პროცენტის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა.

„კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი ნოემბერში – ოთხ პროცენტამდე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი ოქტომბერში პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, ორ პროცენტამდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად – 7.1 პროცენტით, ხოლო ევროზონაში 10.0 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.