კობა გვენეტაძე - საბანკო სექტორს არ ემუქრება არანაირი საფრთხე და რისკი, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ პირობებშიც
კობა გვენეტაძე - საბანკო სექტორს არ ემუქრება არანაირი საფრთხე და რისკი, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ პირობებშიც

ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მანდატია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რათა ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი დაემართოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა ფინანსურ სექტორზე კორონავირუსის გავლენაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური და ეკონომიკური ეფექტების შემცირებას.

„ამ მიმართულებით, სამოქმედო გეგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს შეესაბამება. სექტორისათვის პროგნოზირების ზრდისა და საზედამხედველო ღონისძიებებზე მეტი სიცხადისთვის, სამოქმედო გეგმა ასევე მიეწოდა კომერციულ ბანკებს. ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდა. ამასთანავე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ასევე, ამას ხელი შეუწყო წინდახედულმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტის შემოღებამ, რომელმაც კიდევ უფრო კარგად მოამზადა სექტორი, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს.

„ვფიქრობთ, ღონისძიებები, რომლებიც უკვე გატარდა ეროვნული ბანკის მიერ, ასევე მოსალოდნელი ღონისძიებები, რომლებსაც გავატარებთ და რომელზეც კომუნიკაცია უკვე შედგა, მოგვცემს აბსოლუტურ რწმუნებას, რომ საბანკო სექტორს არ ემუქრება არანაირი საფრთხე, არანაირი რისკი. ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ პირობებშიც. ღონისძიებები, რომლებიც გაატარა ეროვნულმა ბანკმა, საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს შოკი რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს ფინანსურმა სექტორმა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.