კობა გვენეტაძე - „ფიტჩი“ ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს
კობა გვენეტაძე - „ფიტჩი“ ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ქვედა ზღვარის დაწესებას 200 ათასი ლარის ნიშნულზე, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

„ფიტჩმა“ „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურამდე შეუმცირა. გვენეტაძე განმარტავს, რა გახდა ამის მიზეზი.

„მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. ეს სწორედ ის რისკებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. გასული წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ აღნიშნული რისკების შესახებ, სადაც ვუთითებდით, რომ საცალო სესხების ზრდა მაღალი იყო და სათანადო, თუმცა არაპოპულარული, ზომებიც მივიღეთ. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში ბანკების რეიტინგის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ დოლარიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს რეიტინგებზე პოზიტიურად აისახება“, – აღნიშნავს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ცნობით, „ფიტჩის“ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადების თანახმად, სწორედ იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გახდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი.

„საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე ამოქმედებული რეგულაცია, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით დაწესდა, ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს. ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.