კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება
კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

მან სხვა საკითხებთან ერთად, გლობალური კრიზისის პირობებში საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) გამართულ მოლაპარაკებებს გაუსვა ხაზი.

„შედეგად, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პანდემიასთან გასამკლავებლად პროგრამის საერთო თანხაც გაიზრდა. პანდემიის ფონზე გაზრდილი ფინანსური საჭიროების დაფინანსებასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები პოზიტიურად საერთაშორისო რეზერვებზეც აისახება. ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნულ რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება, თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, სავალუტო ინტერვენციები ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად გამოიყენება.

„2019 წელი გამოწვევებით სავსე იყო, არანაკლებ გამოწვევებით სავსე იქნება 2020 წელი, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებები ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი იქნება, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი. მხოლოდ ასეთი პოლიტიკით შეიძლება მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, რაც გრძელვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციისა და მაღალი და მდგრადი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი