კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და ამისთვის როგორც ადრე, ახლაც ყველა საჭირო ზომას მივიღებთ
კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და ამისთვის როგორც ადრე, ახლაც ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში და როგორც ადრე, ახლაც ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალურად მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ საქართველოზე აისახა.

„ჩვენს მეზობელ პარტნიორებშიც უფასურდება ვალუტები. იმ შემთხვევაში, თუ ლარი შეინარჩუნებს თავის კურსს და ამავე დროს, არ გაუფასურდება, იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში ძალიან ბევრი შემოვა და ზოგადად, ქვეყანა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, გაკეთებული იყო ინტერვენციები. რადგან ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ადრე გაგვიკეთებია, ახლაც ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ ამ შედეგის შესრულება მოვახერხოთ. გარდა ამისა, რამდენიმე ფაქტორია, არ დაგვავიწყდეს, რომ აქტიურად ვმუშაობთ ფინანსურ ორგანიზაციებთან და მატერიალური რესურსების მობილიზაციას შევძლებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გავაადვილოთ არსებული რთული პერიოდი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ახლა არსებული უარყოფითი მოლოდინებისა, კრიზისის შემდეგ მოლოდინები დადებითი იქნება და ეკონომიკაც ამუშავდება.

„გასულ წელს რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ ფრენებზე გაუფასურების დიდი ტალღა იყო უარყოფითი მოლოდინების გამო, მაგრამ შემდეგ ეს სიტუაცია გამოსწორდა. ეს მოხდა ხელისუფლების სწორი მოქმედების შედეგად, მათ შორის, ეკონომიკური გუნდის სწორი მოქმედების შედეგად. აქ მთავარია სწორი პასუხი მაკროეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და ამავე დროს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბევრი ზომა მივიღეთ, რათა მოსახლეობა, ისევე, როგორც ბიზნესი მაქსიმალურად მზად შეხვედროდა ამას. პირველი ეს არის დედოლარიზაციის შემცირების ღონისძიებები, რადგან დღეს, დაახლოებით 15-16 პროცენტით ნაკლებ მსესხებელს აქვს სესხი აღებული უცხოურ ვალუტაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო ადვილია ამ სირთულესთან გამკლავება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ასევე იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე გადასვლა, რაც არსებულ ვითარებაში ძალიან სასარგებლოა.

„ეს ნიშნავს, რომ ხალხისა და მსესხებლების რაოდენობა, რომელთაც აიღეს სესხი თავიანთი შემოსავლების შესაბამისად, უფრო ბევრია და ისინი არ ხვდებიან ამ სიტუაციას ძალიან მაღალი დავალიანებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს რწმუნებას, რომ მას შემდეგ, რაც შოკი გადაივლის ქართული ეკონომიკა კარგად შეძლებს აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლას. ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში, მაგრამ სწორი ქმედებით ამ სირთულეებს აუცილებლად დავძლევთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი