კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ 2021 წელსაც, როგორც მინიმუმ, წლის პირველ ნახევარში ინტერვენციები დაგვჭირდება
კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ 2021 წელსაც, როგორც მინიმუმ, წლის პირველ ნახევარში ინტერვენციები დაგვჭირდება

2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიური იყო და არის დღემდე სავალუტო ბაზარზე და ჩვენ ეს დავაანონსეთ მაშინვე, როგორც კი პანდემია დაიწყო, რადგანაც თვისობრივად და კონცეპტუალურად სხვა სიტუაცია გვაქვს წინა წლებთან შედარებით“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, უცხოელი პარტნიორებისგან საკმაოდ დიდი დახმარება მოიზიდა, რაც აისახა ეროვნული ბანკის რეზერვებში.

„მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკურმა გუნდმა მოლაპარაკებების შედეგად, საკმაოდ დიდი დახმარება მოიზიდა უცხოელი პარტნიორებისგან. ამ დახმარების მიმღები ძირითადად არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო ხარჯვისას უცხოურ ვალუტაში შემოსული დახმარება, ეროვნული ბანკის რეზერვებში ისახება. ანუ ყალიბდება კერძო სექტორის უარყოფითი საგარეო სალდო, მაშინ როცა სახელმწიფო სალდო დადებითია და ზუსტად ამ დროს ხდება, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, რომელიც არის ფასების სტაბილურობა, სავალუტო ბაზრისათვის ვაწარმოოთ ლიკვიდობის მიწოდება. გარდა აუქციონებისა, რომელიც ადრეც გვქონდა და ახლაც გვაქვს, ამავე დროს ჩვენ ავამოქმედეთ სავალუტო ბაზრისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდების წესებზე დაფუძნებული მექანიზმი და ამასაც აქტიურად ვიყენებდით გარკვეული პერიოდი. 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 886 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა ბაზარს. გადაწყვეტილებების მიღება ხდება ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამსიად. რაც შეეხება დარჩენილ პერიოდს, ასევე გავაგრძელებთ ვალუტის მიწოდებას იქედან გამომდინარე, თუ რა სიტუაცია იქნება ბაზარზე და ვფქირობთ, რომ იქნება ეს მიწოდება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება 2021 წელს, კობა გვენეტაძის თქმით, მომავალი წლის პირველ ნახევარში ინტერვენციების განხორციელება კვლავ საჭირო იქნება.

„2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ასევე დაგვჭირდება როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში ვალუტის მიწოდება ბაზრისათვის, თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, გლობალური რეცესიის დროს, რთულია პროგნოზების გაკეთება. რადგანაც ინტერვენციებზე ვსაუბრობთ, ამავე დროს მსურს გავაკეთო განმარტება, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ამ ინტერვენციებით, არ არის კურსის რომელიმე კონკრეტულ მაჩვენებელზე შენარჩუნება, ან კურსის საბაზრო დინამიკის ხელის შეშლა. ანუ კურსი უნდა წავიდეს იმ მიმართულებით, რასაც ამ შემთხვევაში ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანია ბაზრისათვის უცხოური ვალუტის მიწოდების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც დანაკლისი განიცადა ბაზარმა. მხოლოდ ტურიზმი რომ ავიღოთ, აქედან ძალიან დიდი დანაკლისია წელს უცხოური ვალუტის.ეს ხდება იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ ბაზრის გაუმართავი ქცევა. მიუხედავად სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიური მონაწილეობისა, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რაც შოკებთან გამკლავების ყველაზე კარგი მეთოდია. მცურავი გაცვლითი კურსი, ეს არის ავტომატური სტაბილიზატორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკას შეძლოს გამკლავება კრიზისთან და კრიზისის დამთავრების შემდეგ, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.