კობა გვენეტაძე - დავალიანების გამოსყიდვაზე რამე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა
კობა გვენეტაძე - დავალიანების გამოსყიდვაზე რამე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა

მოქალაქეთა დავალიანების განულების შესახებ გარიგების პირობები კომერციული ინფორმაციაა, რომელიც მხოლოდ თავად ფონდმა „ქართუმ“ ან ბანკებმა შეიძლება გასცენ, –  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დეპუტატ რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ზეწოლა მოლაპარაკებების პროცესში არ ყოფილა და ბანკებისა და ონლაინ კომპანიების ნაწილმა ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„ეს არის ორ ბიზნეს სუბიექტს შორის გარიგება და გარიგების პირობებთან დაკავშირებით მაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ მაქვს სრული ინფორმაცია. ეს არის მოლაპარაკების საგანი. რაც შეეხება იმას, ხომ არ იყო ზეწოლა, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ბანკმა მონაწილეობა არ მიიღო ამაში. უბრალოდ განაცხადეს, რომ არ სურდათ, როდესაც ჰქონდათ შეხვედრა ფონდ „ქართუსთან“. არანაირი პრობლემა არ არის. ამავე დროს, რამდენიმე ონლაინ კომპანიამ არ მოისურვეს ეს და ისინი არ იღებენ მონაწილეობას. რამე წნეხი ან დაძალება არ ყოფილა. გარიგების პირობები კი, არის კომერციული ინფორმაცია, რომელიც შეუძლია თავად ფონდმა გასცეს ან კომერციულმა ბანკებმა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.