კობა გვენეტაძე - ჩვენ ახლა გვაქვს საგარეო შოკი, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება, რომელიც დღეს არის, შემცირდება 
კობა გვენეტაძე - ჩვენ ახლა გვაქვს საგარეო შოკი, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება, რომელიც დღეს არის, შემცირდება 

მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი საქართველოს მსგავსი ტიპის ეკონომიკას სხვადასხვა საგარეო შოკებისგან იცავს, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა ღია ეკონომიკით.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს არის გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც იცავს ასეთი ტიპის ეკონომიკას სხვადასხვა საგარეო შოკებისგან. ეკონომიკა უფრო ნაკლები დანაკარგებით გამოდის შოკის გავლენიდან, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. როდესაც კურსზე ვსაუბრობთ, როგორც წესი აქცენტი კეთდება ხოლმე დოლარის და ლარის გაცვლით კურსზე, რაც არ არის სწორი. მესმის, ამის საფუძველია ქვეყანაში დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე და აქედან გამომდინარე, ეს ახდენს გავლენას გადახდისუნარიანობაზე, მაგრამ თუ უფრო ღრმად გვინდა გავიგოთ, რა პროცესები მიდის, უნდა შევხედოთ ნომინალურ, ეფექტურ გაცვლით კურსს, რომელიც არის ლარის გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების გაცვლით კურსთან“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გვენეტაძე განმარტავს, რომ გაცვლით კურსს მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში კი, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოლოდინები.

„ინფორმაციას ბიზნესი, ისევე როგორც ფიზიკური პირები, საზოგადოება განგრძობით პერიოდში მუდმივად იღებს და ყველა ეს ინფორმაცია აისახება. დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მაგალითად, ნავთობის ბაზარზე, საერთაშორისო ფასებზე. როგორც კი რამე ხდება, მაშინვე ხდება ამ ფასების ასახვა მომავალში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, სხვა საკითხია, რამდენად გამართლდება მოლოდინები, თუმცა ის მაინც ქმნის გარკვეულწილად ბალანსს მოკლევადიან პერიოდში.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს უფრო მეტად არის გაუფასურებული ლარი, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რომ უნდა შევაფასოთ, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს საგარეო შოკს, რომელშიც ახლა ვართ. ჩვენ ახლა გვაქვს საგარეო შოკი, მოდით, შევთანხმდეთ ამაზე. ვფიქრობთ, საგარეო შოკის ზომა არის უფრო ნაკლები, ვიდრე კურსზე აისახა, რაც ასევე გვაფიქრებინებს, რომ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება, რომელიც დღეს არის, შემცირდება და შემობრუნდება. ზუსტად ეს არის ჩვენი განცხადებების მიზეზი, რომ მომავალში არ ველით გაცვლითი კურსის გავლენას ინფლაციაზე“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში.

„იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფაქტორებმა საფრთხე შეუქმნა საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მანდატის შესრულებას, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.