კობა გვენეტაძე - არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინფიცირებულებს შორის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული მოქალაქეა
კობა გვენეტაძე - არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინფიცირებულებს შორის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული მოქალაქეა

ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ინფიცირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული მოქალაქეა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ასეთი ინფორმაცია მეც გავიგე, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამ განცხადებით კობა გვენეტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ინფიცირებული ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული მოქალაქე.

შეკითხვაზე, რა პრევენციული ზომები იყო გატარებული ეროვნული ბანკის მიერ ფულის მიმოქცევის კუთხით, რომ ფულით დაინფიცირების რისკი მინიმუმადე ყოფილიყო დაყვანილი, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა არა ერთი პრევენციული ზომა მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გადახდის და ანგარიშსწორების დისტანციური და უკანტაქტო საშუალებები ფეხს უფრო და უფრო იკიდებს, ქვეყანაში ნაღდი ფული მაინც მოძრაობს. ის არის გადახდის, მიმოქცევის საშუალება და აქედან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული რეკომენდაციები. ჩვენი საკასო ცენტრი ყოველდღე იღებს ფულს საბანკო ორგანიზაციებიდან. ეს ფული, რომელიც ყოველდღიურად შემოდის, ინახება და როგორც მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში არ გადის მიმოქცევაში. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეკეთებინა. ასევე, ძალიან ხშირად ვაკეთებთ სადეზინფექციო სამუშაოებს საკასო ცენტრში, სადაც ფულის მიღება-გასვლა ხდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, დისტანციური საშუალებები მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაინფიცირების რისკი, რომელიც უშუალო ინტერაქციიდან გამომდინარეობს.