კობა გვენეტაძე - აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყვნენ
კობა გვენეტაძე - აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყვნენ

დღევანდელ სასესიო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკს“ არსებული რისკების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ.

„2018 წლის 22 თებერვალს, ანუ ვიდრე ცნობილი გახდებოდა დღეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარი სესხის ამბავი, „თიბისი ბანკს“ გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, სადაც პირდაპირ ნათქვამია: „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით (crucial role), მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას.

ბანკისთვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან ბანკის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან“, – აღნიშნულია წერილში.

აღნიშნული წერილი გვენეტაძემ დეპუტატებს სესიაზე გააცნო.

კობა გვენეტაძის განცხადებით, აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყვნენ.

„ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M”და „სამგორი თრეიდი” გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო. ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო“, – განაცხადა გვენეტაძემ.