კობა გვენეტაძე - ახალი რეგულაციების მიზანია, ფიზიკურმა პირებმა არ აიღონ ისეთი ვალდებულება, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებენ
კობა გვენეტაძე - ახალი რეგულაციების მიზანია, ფიზიკურმა პირებმა არ აიღონ ისეთი ვალდებულება, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებენ

ახალი საბანკო რეგულაციების მიზანია, ფიზიკურმა პირებმა არ აიღონ გადამეტებული ვალდებულებები, რომლის გადახდის მხრივ სირთულეები შეექმნებათ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დებულებასთან დაკავშირებით, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს, განხილვები კვლავ გრძელდება.

„გამოქვეყნებული იყო პროექტი და ვართ განხილვის აქტიურ სტადიაზე. ამ რეგულაციის მიზანი იყო ის, რომ არ მოხდეს გადამეტებული ვალდებულებების აღება, რათა ფიზიკურ პირებს არ ჰქონდეთ სირთულეები მის გადახდაში. ამ პირების მიერ სესხების არ დაბრუნება ნიშნავს ფიზიკური პირების დეპოზიტების არ დაბრუნებას.  ასე რომ, ეს საკითხი ფინანსურ სტაბილურობას ეხება. ამ მოთხოვნებს ევროდირექტივებიც გვიყენებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საბანკო სექტორის შეფასება ამ საკითხის მიმართ გადაჭარბებულად პესიმისტურია.

„დღეს ჩვენ ვაანალიზებთ დებულებას, რომლის საბოლოო ვარიანტი ჯერ მიღებული არაა. ნებისმიერი ასეთი ანალიზი აზრს მოკლებულია, ვაგრძელებთ განხილვებს სხვადასხვა ასოციაციებთან. რისკებზე თვალის დახუჭვა არის ძალიან ცუდი და ეს მომავალში პრობლემებს მოგვიტანს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი მათ აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დაგეგმილ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა ბიზნესგაერთიანებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს და სოციალურ ფონს დაამძიმებს.