კობა გვენეტაძე - 2021 წელს რეალური მშპ მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე ხუთი პროცენტით გაიზრდება
კობა გვენეტაძე - 2021 წელს რეალური მშპ მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე ხუთი პროცენტით გაიზრდება

საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც დღეისთვის არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ინფლაცია 2021 წლის პირველ კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, 2021 წლის მე-2 კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გაცნობისას განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რეალური მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდება, თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ის – ძირითადად, მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე ხუთი პროცენტით გაიზრდება.

„საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად ალტერნატიულ სცენარსაც გაგაცნობთ. ეს სცენარი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას გულისხმობს. ამის მიზეზი შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება და/ან ვირუსის შიშის გამო, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავშეკავება გახდეს. ამ მხრივ საყურადღებოა რამდენიმე ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინის ხელმისაწვდომობის შეფერხება ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება, რაც საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს, ის მიმდინარე ანგარიშის ბალანსსაც აუარესებს. ამ სცენარის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 2.0 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, მონეტარული პოლიტიკა, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო მეტად გამკაცრდება.

მისივე თქმით, ინფლაციის შემცირების შემდგომ კი, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შერბილდება. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.