კობა გვენეტაძე - 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო როგორც პანდემიამდე, ისე პანდემიის დროს
კობა გვენეტაძე - 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო როგორც პანდემიამდე, ისე პანდემიის დროს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს.

მისივე თქმით, აღნიშნულს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს.

„2020 წელს, მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს სუვერენული რეიტინგი თანდათანობით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-მდე გაზარდა. 2019 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor’s“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონემდე აწია, სტაბილური პერსპექტივით. იმავე წელს, მეორე დიდმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. 2020 წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის მიერ ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს აქტივობებზე უარყოფითი ზეგავლენის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გამო ფისკალური ზეწოლისა და საგარეო რისკების ზრდის გამო, „Fitch Ratings“-მა ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურიდან უარყოფითამდე შეამცირა, თუმცა, რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დატოვა. რეიტინგის შენარჩუნება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასეთი შეფასება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს. ამას ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიისა განვითარების ბანკი, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი, სარეიტინგო კომპანიები და სხვა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, აღინიშნა, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ზედიზედ უკვე მესამედ, 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.