კობა გვენეტაძე - 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება
კობა გვენეტაძე - 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  გამოსვლისას განაცხადა, სწორედ 3-პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებელი იქნება საშუალოვადიან პერსპექტივაში 2018 წლის შემდეგ.

წელს მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ია, ნოემბრის მონაცემებით კი ინფლაცია 6.9%-ს შეადგენს, რაც კობა გვენეტაძის თქმით, ძირითადად ტრანსპორტის ჯგუფს, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასების ზრდას უკავშირდება. მისი განმარტებით, ფასების ზრდაზე ისეთმა ფაქტორებმა იმოქმედა, როგორიცაა აქციზის მატება და ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა.

“ეს ფაქტორები 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის პროგნოზი შეიცავს რისკებს, მათ შორის ენერგომატარებლების ფასებისა და გეოპოლიტიკური რისკების კუთხით.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე შესაძლო რეაგირებაზე 13 დეკემბერს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

დატოვე კომენტარი