კობა გვენეტაძე - 2008 წლის ომის დროს „თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო
კობა გვენეტაძე - 2008 წლის ომის დროს „თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში ეროვნული ბანკის მიერ 2007-2008 წლებში გატარებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყუილია „თიბისი ბანკის“ აქციონერების განცხადება, თითქოს, 2007 წელს, ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად აუკრძალა სესხების გაცემა.

„სინამდვილეში 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია. უფრო მეტიც, არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლოს 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს 1,173 მილიონი ლარი იყო, ანუ, პორტფელი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა პროციკლურ სექტორებში, რის გამოც 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო“ – აღნიშნა გვენეტაძემ.