კობა დავითაშვილი - ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში დანაშაული აღიარა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს
კობა დავითაშვილი - ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში დანაშაული აღიარა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საგამოძიებო უწყებებს ექსპრეზიდენტის მიმართ საქმის წარმოების დაწყებას სთხოვს. დავითაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ  მისი და ვანო მერაბიშვილის ინიციატივით, კობა დავითაშვილის ფარული ჩაწერა განახორციელეს.

ყოფილი დეპუტატის განმარტებით, მაშინ, როდესაც ფარული ჩანაწერი გაკეთდა, კანონმდებლობა კრძალავდა მოქმედი დეპუტატების არათუ ფარულ ჩაწერას, არამედ მათ მიმართ საქმის წარმოებასაც კი. დავითაშვილი მოითხოვს, საგამოძიებო უწყებებმა აღნიშნულ საკითხზე დაკითხონ ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს კი ბრალი წაუყენონ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.

“მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მოანაწილე ერთ-ერთმა პირმა ჩამწერა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი.  განაცხადა, რომ მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო.  ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტის შემდეგ. ეს  არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ექსპრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში აღიარა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ რომელმა, დაუყონებლივ დაკითხონ ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში მდგომარეობდა “,-აცხადებს კობა დავითაშვილი.