კობა ცერცვაძე - სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ უკანონო „ბორდერიზაციის“ სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს
კობა ცერცვაძე - სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ უკანონო „ბორდერიზაციის“ სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს

შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ცერცვაძე აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ უკანონო „ბორდერიზაციის“ სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს.

„გასული წლის შემოდგომაზე განთავსდა უკანონოდ საგუშაგო. რაც შეეხება სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათი მშვიდობიანი ცხოვრება და თავისუფლად გადაადგილება უზრუნველყოფილია შსს-ს მიერ. ზოგადად, უკანონოა, რაც ხდება საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს და დაუშვებელია. აღნიშნული განიხილება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში“, – განაცხადა კობა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.

დატოვე კომენტარი