კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს ხვდება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს ხვდება.
მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საინტერესოა, მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარესთან – ადვოკატებთან სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბარი.
მისივე თქმით, სასამართლოს სისტემაში დაგეგმილი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ სისტემა არ გათავისუფლდა ე.წ. კლანური მმართველობისგან და ამ ჯგუფთან ასოცირებული კონკრეტული მოსამართლეებისგან. ეკა გიგაური კონკრეტულ მიმართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის შეცვლაც, მისი მოსაზრებით, სასამართლო სისტემას გააჯანსაღებს.
„სასამართლოს სიღრმისეული რეფორმირება სჭირდება და ჩვენ გვაქვს დაუხვეწავი კანონმდებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის დებულებები, რომელიც საშუალებას აძლევს, მათ შორის ამ კლანურ სისტემას, რომ ეფექტურად იმუშაოს სასამართლო სიტემის შიგნით, ეს კანონმდებლობა შეიცვალოს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ის ძალაუფლება, რომელიც კონცენტრირებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უნდა დაიშალოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული უფლებამოსილებები გადანაწილდეს სხვა რგოლებზე. მნიშვნელოვანია მისამართლეების სკოლის რეფორმა. კვალიფიციური მოსამართლეები იყვნენ მომზადებულები სასამართლო სისტემისთვის და ასევე სკოლა უნდა იყოს დამოუკიდებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ძალიან პრობლემატურია დისციპლინური რეგულაციების გამოყენება შერჩევითად იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის შეცვლა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აღსრულებაც. მხოლოდ კარგი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ჯანსაღ სასამართლო სისტემას, უნდა გაიწმინდოს ასევე ე.წ. კლანური მმართველობისგან და კონკრეტული მოსამართლეებისგან“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს, მისი განმარტებით, ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმირება იმისთვის რომ დამკვიდრდეს დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატთა კორპუსი, ზოგადად ადვოკატურა არის მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და უშუალოდ ვართ დაინტერესებული ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებაში. ვხვდებით ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სისტემის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში. რა თქმა უნდა, კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია და ამ პროცესის მონაწილე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხედვა. ადვოკატთა ასოციაციას გაგვაჩნია ჩვენი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება და რომ კონკრეტულ მიმდინარე საქმეებს არანაირად არ შეეხოს სასამართლოს ადმინისტრირება, ან მენეჯმენტის გავლენა. ეს არის ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისთვის აუცილებელი პირობა. ჩვენ სწორედ ამ სამუშაო რეჟიმსა და გეგმებზე ვისაუბრებთ”, – განაცხადა დავით ასათიანმა.