„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებებს წერენ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებებს წერენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებებს წერენ.

კოალიციის წევრები განცხადების დასაწერად საკანონმდებლო ორგანოში დღეს მივიდნენ.

„მაქვს გამოცდილება წინა პარლამენტის შემთხვევაში, რომელიც ასევე გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიქმნა, სადაც განცხადება დავწერე და არ დააკმაყოფილეს. შემდეგ ეს განცხადება წავიღე საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლომ განიხილა, სამი წელი გავიდა და დღემდე განაჩენი არ არის გამოტანილი. ამ დღემდე არ ვიცით, იმათ აქვთ თუ არა უფლება, კენჭისყრით დამაბან აქ, მეორე წრეზე მოვედი ახლა და მაინტერესებს. რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ დავწერ განცხადებას, ყველა გააკეთებს იმავეს“, – აღნიშნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მანდატებზე უარის მიზანია ე.წ. პარლამენტის სრული დელეგიტიმაცია და ახალი არჩევნების ჩატარება.

„„კოალიცია ცვლილებისთვის“ ამომრჩეველმა ხმა მისცა ცვლილებებს. უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები და, მიუხედავად ყველაფრისა, ამიტომაც მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ხალხის წარმომადგენლობაზე, ცვლილებების მიღწევის მანდატზე, პირიქით, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს. იძულებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომლებიც ახლა გვისმენენ, და ბატონი ყაველაშვილი წარუდგინეს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად, ისინიც კი ფიქრობენ, რომ ამ შენობაში რაც ხდება, არის საბჭოთა საქართველო და საერთო არაფერი აქვს პარლამენტარიზმთან. შესაბამისად, ამ საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს. გაგრძელდება ბრძოლა მიზნის მიღწევისთვის, არც შენელებულა და, მით უმეტეს, არ შეწყვეტილა. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, მოემსახურება ამ რეჟიმის რყევას და ჩამოშლას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.