„კოალიცია ცვლილებისთვის” – სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, არის კლასიკური რუსული ცინიზმი

20:24, 11.09.2026

„კოალიცია ცვლილებისთვის” „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავებას განცხადებით ეხმაურება.

„კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს გიორგი ბარამიძეს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი უკანონოდ და ყალბი ბრალდებით არის დაკავებული.

„კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს „პიარს შეწირულს” უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

მსგავსი