„კოალიცია ცვლილებისთვის“ – მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ჩამოცილების მიზნით
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძის განცხადება, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.
„განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე.
2008 წლის ომის შესახებ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა (ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია – ე.წ.ტალიავინის კომისია, 2009; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”, 2021; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ICC, 2022; გაერო-ს გენერალური ასამბლეის არა ერთი დასკვნა), რომლებიც ერთობლიობაში ცხადად ქმნიან სურათს, რომ როგორც შეიარაღებული მოქმედებების დაწყება, ასევე ომის შედეგად წარმოშობილი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და საქართველოს სუვერენიტეტის განგრძობითი დარღვევა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.
ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.
კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივად შეაფასოს, შეიცავს თუ არა კობახიძის ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებს მას, საქართველოს სახელით გააკეთოს შეგნებულად გაყალბებული ისტორიული ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების შემცველი განცხადება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ქმედებების ანტიეროვნული ხაისათის შესწავლისა და შეფასების მიზნით.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ კვლავ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე (საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა) სრული პასუხისმგებელობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.