„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს

23:15, 18.12.2024

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს, სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს.

„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებით, მათ წინააღმდეგ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობით, პოლიტიკური ტყვეების აყვანით, მთელი რიგი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად არ ცნობს ქართველი ხალხი, მთელი დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობა, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი. შექმნილი კრიზისის დასაძლევად არსებობს ერთადერთი გზა – საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩატარებული ახალი არჩევნები.

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ „ქართული ოცნების“” ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.

სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს „ქართული ოცნება“ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ, ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.

მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი