კნუტ აბრაჰამი – გაწევრიანების შეჩერება სასარგებლო არც საქართველოსთვისაა და არც ევროკავშირისთვის, ჩვენი ყურადღება საქართველოზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მაშინაც კი, თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმის
2008 წელს საქართველოში შეჭრა წარმოადგენდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მცდელობას, შეეფასებინა საერთაშორისო რეაქცია რუსეთის აგრესიაზე, რასაც 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია, მოგვიანებით კი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა, – ამის შესახებ მმართველი კონსერვატიული პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინს სურდა, შეემოწმებინა, რამდენად მტკიცე იყო ამერიკელების განცხადებები საქართველოსთან მეგობრობისა და სოლიდარობის შესახებ, რადგან მაშინ ამერიკელები ძალიან მკაცრ და ძლიერ რიტორიკას იყენებდნენ“, – განაცხადა აბრაამმა.
მისივე თქმით, „აშშ-ს მაშინ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამასთან, პუტინი ამოწმებდა, რამდენად მზად იყო ვაშინგტონი, საჭიროების შემთხვევაში, ეს მეგობრობა სამხედრო საშუალებებით, სხვადასხვა ფორმით გაემყარებინა და ამას კი სრულიად მკაფიო პასუხი გაეცა“.
ამასთან, გერმანელი დეპუტატის განცხადებით, დღეს საქართველოსთან დაკავშირებულ ვითარებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„ეს არის ფაქტი, რომელის გამოც ძალიან ვწუხვარ, რადგან ის არც საქართველოსთვის არის სასარგებლო და არც ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა კნუტ აბრაამმა.
მისივე თქმით, ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროპის ყურადღების მიღმა დარჩა.
„ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა. დღევანდელი სირთულეების გათვალისწინებითაც კი, თუ ფრთხილად ან უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიუღებელი მოპყრობისა და სხვა შემაშფოთებელი მოვლენების გამო, ჩვენ არ უნდა დავგმოთ საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხელისუფლება ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება“, – აცხადებს დეპუტატი.
„ჩვენი ყურადღება კვლავ შავ ზღვაზე და, კერძოდ, ევროპულ ქვეყანაზე – საქართველოზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მაშინაც კი, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველაზე მკაცრი კრიტიკა ისმის“, – განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა.
აბრაჰამის თქმით, ეს ასევე ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.
„ეს ხომ პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ან როგორც შეიძლება ვიმედოვნოთ, მალე დადგება მომენტი, როდესაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი გახდება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს“, – ამბობს აბრაჰამი.