კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის 11-21 დეკემბერს გაიმართება
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა 2019 წელს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღი. ტურნირი ყატარში 11-21 დეკემბერს გაიმართება.
ჩემპიონატის ფორმატი უცვლელი რჩება – მონაწილეები იქნებიან კლუბებს შორის კონტინენტალური პირველობების გამარჯვებულები ექვსი კონფედერაციიდან და მათ დაემატება მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონი.
ჯერჯერობით ცნობილია ხუთი მონაწილე:
ევროპა – ლივერპული (ინგლისი)
აფრიკა – ესპერანსი (ტუნისი)
კონკაკაფ – მონტერეი (მექსიკა)
ოკეანეთი – იანგენ სპორტი (ახალი კალედონია)
ყატარის ჩემპიონი – ალ სადი
ორი დარჩენილი მონაწილე გაირკვევა კოპა ლიბერტადორესისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ.
2018 წელს, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მადრიდის “რეალმა” მოიგო, რომელმაც ფინალში 4:1 გაანადგურა საამიროების „ალ-აინი“.