კლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული

კლუბ „ბასიანთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კლუბთან ასევე იმყოფებიან მოქალაქეები და კლუბის დამფუძნებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექცია კლუბის დალუქვას აპირებს. მისი თქმით, ეს საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურებაა.

„გვქონდა განწყობა, რომ დაიწყებოდა დალუქვა, დევნა და ფინანსური სანქციები. ახლა მიმდინარეობს დალუქვის პროცესი, თუმცა ვეწინააღმდეგები, თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს. ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სივრცეების გახსნა. ამაზე ვიმუშავეთ, დავდეთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევები და ესე იგი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოება და ხალხზე ზრუნვა არაა ამოსავალი. ეს არის საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურება. პირადად მე ვიყავი ჩართული გამოსავლის ძიებაში ეს ექვსი თვე. ამ ეტაპზე ფიზიკურად გვაქვს დასაცავი სივრცე და გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.