კლოპი და სოლსკიაერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - გერმანელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ პენალტები დაუთვალა
ორშაბათს, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მეორე მატჩი წააგო – სტუმრად „საუთჰემპტონთან“ 0:1 დამარცხდა. „წმინდანებმა“ მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში და “წითლებს”თითქმის მთელი მატჩი ჰქონდათ წინ სიტუაციის გამოსასწორებლად.
თამაშში იყო ორი მომენტი, როცა იურგენ კლოპის გუნდს შეეძლო იმედი ჰქონოდა, რომ მსაჯი პენალტს დანიშნავდა. ერთხელ „საუთჰემპტონის“ მცველმა ითამაშა საჯარიმოში ხელით, მეორედ კი სადიო მანე წაიქცა კაილ უოკერ-პიტერსთან ბრძოლაში. სავარაუდოდ, პირველ შემთხვევაში პენალტი დასანიშნი იყო, მეორეში – ნაკლებად.
ასეა თუ ისე, „ლივერპულმა“ ქულა ვერ აიღო და მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა რატომღაც „მანჩესტერ იუნაიტედზე” დაიწყო ლაპარაკი, როცა არდანიშნულ პენალტებზე ჰკითხეს:
„ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეცვლა… მოვისმინე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორ წელიწადში უფრო მეტი პენალტი მოიპოვა, ვიდრე ჩვენ ხუთწელიწადნახევარში. არ ვიცი, ეს ჩემი ბრალია თუ კიდევ ვინმე სხვის… როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. მაგრამ, არანაირი გამართლება არ აქვს იმას, როგორ ვთამაშობდით“.
„საუთჰემპტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩამდე, თავისი შეხვედრა ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და გამარჯვება პენალტის წყალობით გამოსტაცა მეტოქეს. ბევრმა პოლ პოგბაზე დარღვევა ვერ დაინახა.
თუ შევამოწმებთ პენალტების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ „მანჩესტერმა“ ბოლო 5.5 წელიწადში (კლოპის მუშაობის პერიოდი „ლივერპულში“) 67 პენალტი გამოიმუშავა, „ლივერპულმა“ – 46.
მაგრამ კლოპმა განაცხადა, რომ „ლივერპულს“ ამ პერიოდში უფრო ნაკლები 11-მეტრიანი ჰქონდა, ვიდრე „იუნაიტედს“ ბოლო ორ წელიწადში. თუ შევამოწმებთ, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა 42 პენალტი გამოიმუშავა (აქედან 27 პრემიერლიგაში მოდის). შესაბამისად, კლოპი ცრუ ინფორმაციით აპელირებდა და მიანიშნებდა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერს“ მსაჯები ეხმარებიან.
სოლსკიაერს უკომენტაროდ არ დაუტოვებია კლოპის სიტყვები და ოთხშაბათს განაცხადა:
„არ დამითვლია, რამდენჯერ მიიღო პენალტის შესრულების უფლება „ლივერპულმა“. თუ მათ სურთ დროის ხარჯვა იმაზე საწუწუნოდ – რამდენჯერ დაარღვიეს ჩვენს წინააღმდეგ თამაშის წესი საჯარიმოში, ეს მათი საქმეა. მე ეს არ მინდა. არ შემიძლია სხვა მწვრთნელების ნაცვლად ლაპარაკი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ისინი ასეთ განცხადებებს. შესაძლოა, ეს იყოს მსაჯებზე ზეგავლენის ხერხი. არ ვიცი, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობ ამაზე. როცა ჩვენს ფეხბურთელეზე საჯარიმოში წესებს არღვევენ – ეს პენალტია“.