კლივლენდის საოცარი დაბრუნება „მედისონ სქუერ გარდენში“ და გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-7-ე გამარჯვება
კლივლენდის საოცარი დაბრუნება „მედისონ სქუერ გარდენში“ და გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-7-ე გამარჯვება

დღეს დილით, „ნბა“-ს რეგულარული სეზონის გამართული 9 შეხვედრიდან, ყველაზე საინტერესო, „მედისონ სქუერ გარდენში“ ჩატარებული მატჩი გამოდგა, სადაც ნიუ იორკ „ნიქსმა“ კლივლენდ „კავალიერსი“ მიიღო.

თამაშის უდიდესი ნაწილი, მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. კლივლენდის კალათბურთელებმა, პირველ ტაიმში უამრავი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს სწრაფ გარღვევებში ბევრი ქულა ააღებინეს. მესამე მეოთხედის მიწურულს, „ნიქსი“ 23 ქულის სხვაობით იგებდა და თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. დარჩენილ დროში, სტუმრებმა საოცარი დაბრუნება გააკეთეს. ლებრონ ჯეიმსის და კაილ კორვერის რამდენიმე შორეული , ზუსტი ტყორცნის შემდეგ, „კავალიერსი“ თამაშში დაბრუნდა. უკანასკნელ 4 წუთში, ტაირონ ლიუს გუნდი დომინირებდა და საბოლოოდ 104-101 გაიმარჯვა. ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე, 1 მოხსნა დააკლდა. ლებრონის მონაგარმა, 23 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა შეადგინა. კაილ კორვერმა, 21 ქულა მოიპოვა. ნიუ იორკელთა შემადგენლობაში, ტიმ ჰარდუეი გამოირჩა 28 ქულით. კლივლენდისთვის, ეს მიმდინარე სეზონში მე-7-ე გამარჯვება გამოდგა. შარშანდელი ვიცე-ჩემპიონები, აღმოსავლეთ კონფერნციაში, მე-9-ე ადგილზე იმყოფებიან.

გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ საკუთარ „ორეკლ არენაზე“ სტეფ კარის გარეშე, ორლანდო „მეჯიქს“ უმასპინძლა და ათი ქულის სხვაობით, 110-100 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია, ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა კალათბურთელმა, 4 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა აქტივში. 21 ქულით, 8 მოხსნით და 7 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო შედეგი, კევინ დიურანტმა დააფიქსირა. გოლდენ სტეიტმა, ზედიზედ მე-7-ე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას განაგრძობს. დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი-საკრამენტო 110-92
მილუოკი-მემფისი 110-103
ნიუ ორლეანსი-ატლანტა 106-105
ფინიქსი-ლეიკერსი 93-100
იუტა-მინესოტა 98-109
პორტლენდი-დენვერი 99-82
კლიპერსი-ფილადელფია 105-109