კლინიკიდან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს „კოვიდ-19“ აღმოაჩნდა
კლინიკიდან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს „კოვიდ-19“ აღმოაჩნდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მე-10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში  სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს „კოვიდ-19“ აღმოაჩნდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით იმყოფებოდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ინფიცირებული პირები კვლავ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში მოთავსდნენ და მათზე კონტროლი ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება.

„პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ, პატიმრები გადიან „პისიარ“ ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თავსდებიან მე-10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს. ამ დროის გასვლის შემდეგ, კვლავ მოწმდებიან „პისიარ“ ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.

ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს „პისიარ“ ტესტირება ოთხუ-ხუთი დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, კვლავ გაიარეს „პისიარ“ ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილი. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე „პისიარ“ ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან „პისიარ“ ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმური დეზინფექცია ჩაუტარდა. გეგმურად დაწესებულებებში დეზინფექცია  პერიოდულად ტარდება“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.