კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა
კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, სულხან აბესაძემ განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სულხან აბესაძე ამბობს, დაპირისპირება გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის თანამშრომლის მითითებას მოჰყვა, რომელიც შინაგანა წესის დაცვას უკავშირდებოდა.

„პაციენტის პატრონებსა და ჩვენი დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. სავარაუდოდ ეს უკავშირდებოდა მითითებას, რომელიც უკავშირდებოდა შინაგანა წესის დაცვას. სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენი დაცვის თანამშრომელი ეგრევე ავიყვანეთ საოპერაციოში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მძიმე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დამნაშავეები დაკავებულები არიან. რა საგნით იყო ჭრილობა მიყენებული, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ეს იყო ბასრი საგანი და არ ყოფილა ცეცხლსასროლი იარაღი“, – განაცხადა სულხან აბესაძემ.

ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტის ახლობლებს კლინიკის მისამართით პრეტენზია არ ჰქონიათ.

„ყოფილი პაციენტის ოჯახის წევრების პრეტენზია კლინიკის მისამართით არ ყოფილა. ეს პაციენტი არაერთგზის მკურნალობდა ჩვენს კლინიკაში, როდესაც იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რამდენჯერმე იყო მოყვანილი თვითდაზიანებით, რადგან ყლაპავდა უცხო სხეულებს. პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში, ოპერაციული ჩარევების შედეგად მისი ორგანიზმი იყო დასუსტებული, იყო პოლიორგანული უკმარისობა და შედეგად, ორგანიზმი იყო გამოფიტული. დაცვის თანამშრომელს მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები სხეულის არეში. მისი მდგომარეობა არის მძიმე, რადგან არის სისხლის დიდი დანაკარგი. დასრულდა დაცვის თანამშრომლის ოპერაცია და ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურ მდგომარეობაში“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.