კლინიკა "გლობალმედის" დირექტორი - ჩვენს კლინიკაში ბავშვს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ნიშნები არ აღენიშნებოდა
კლინიკა “გლობალმედის” დირექტორი მარი შონია, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი წლის საბა ჟორჟოლიანი მათ კლინიკაში გარდაიცვალა, ტყუილია.
შონიას თქმით, პნევმონიის დიაგნოზით ბავშვი 22 დეკემბერს შემოვიდა კლინიკაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ინტენსიური თერაპიის ექიმმა გადაწყვიტა, რომ მას უფრო ღრმა კვლევა სპეციალიზირებულ მულტიპროფილურ კლინიკაში სჭირდებოდა, ბავშვი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, ბავშვი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში წავიდა.
“ბავშვი ჩვენს კლინიკაში არ გადაცვლილა და გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. ბავშვი აქედან წავიდა სტაბილურ მდგომარეობაში, ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა და დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს. ამჟამად კლინიკაში გვყავს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების კომისია და ამას ყველაფერს დაადგენს. პირადად ჩემი ინტერესია დადგინდეს, ვის მიუძღვის ბრალი ბავშვის გარდაცვალებაში. ბავშვი გადაიყვანეს კლინიკაში და გადაყვანიდან ათი საათის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენთან სულ 18 საათი დაჰყო. ჩვენს კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუსაბამო ნიშნები ბავშვს არ აღენიშნებოდა, თავისით სუნთქავდა და დედამ ხელში აყვანილი გაიყვანა კლინიკიდან. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. “გლობალმედი” არ არის დამნაშავე ამ ბავშვის გარდაცვალებაში, ყველაფერი უტარდებოდა პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა შონიამ.
ორი წლის საბა ჟორჟოლიანის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკა “გლობალმედის” მედპერსონალს ადანაშაულებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში პარასკევს, პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს, შაბათს კი მდგომარეობის გართულების შემდეგ მცირეწლოვანი სხვა კლინიკაში გადაამისამართეს.
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა. ოჯახი მკურნალი ექიმისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.